Робота для біженців з України
ტენდერი მედია პროდუქტების შექმნაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი მედია პროდუქტების შექმნაზე
მომწოდებელი: People In Need
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
მედია კამპანიის ტექნიკური დავალება (ToR) მედია პროდუქტების შექმნისათვის ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში მდგრად განვითარებისა და ბუნების დაცვის საკითხებზე

პროექტის ფარგლებში:

"ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი თემების ჰარმონიული განვითარება"

დოკუმენტი მოიცავს ტექნიკურ დავალებას მედია კომპანიისათვის, რომელიც შექმნის მედია პროდუქტებს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის თემატიკაზე, პროექტის ფარგლებში — "ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი თემების ჰარმონიული განვითარება". აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობას გორის მუნიციპალიტეტში — ბიომრავალფეროვნების შემცირების და არამდგრადი პრაქტიკების აღმოფხვრის პარალელურად, ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების გზით. პროექტი კონცენტრირებულია მონაწილეობაზე დაფუძნებული მართვის სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც აერთიანებს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან. პროცესში აქტიურად არიან ჩართული გორის მუნიციპალიტეტი და რეგიონული სამთავრობო სტრუქტურები. პროექტი ხორციელდება PIN Georgia მიერ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (Czech Development Agency) მხარდაჭერით და ეფუძნება თანამშრომლობას, რაც მიზნად ისახავს რეგიონის ეკოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

ზოგადი ინფორმაცია და კონტექსტი:

PIN Georgia-ს შესახებ:

"People in Need Georgia" წარმოადგენს საერთაშორისო ჩეხური არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციის People in Need-ის (PIN) ფილიალს. ორგანიზაცია 2005 წლიდან მუშაობს საქართველოში და აქვს ოფისები თბილისში და სხვა რეგიონებში. თითქმის 20-წლიანი მუშაობის განმავლობაში PIN აქტიურად უწყობს ხელს მდგრადი განვითარების პროცესებსა და სოციალურ ინოვაციებს. ორგანიზაცია ახორციელებს პროექტებს, რომლებიც პასუხობს სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს, ხელს უწყობს ადგილობრივი საზოგადოებების გაძლიერებას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას მოწყვლადი ჯგუფებისთვის. მისი საქმიანობა მოიცავს განათლებას, ჯანდაცვას, გარემოს დაცვას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და ჰუმანიტარულ დახმარებას.

პროექტის შესახებ:

PIN Georgia-ს მიერ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CZDA) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი "ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი თემების ჰარმონიული განვითარება" ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში (ტთდლ), რომელიც მდიდარია ბიომრავალფეროვნებითა და კულტურული მემკვიდრეობით, თუმცა ასევე ექვემდებარება არამდგრადი გამოყენებისა და ეკონომიკური განვითარების გამოწვევებს. ტთდლ მოიცავს ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ და კულტურულ ზონას, რომელიც საჭიროებს ფოკუსირებულ ჩარევას მისი გრძელვადიანი შენარჩუნებისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველსაყოფად.

პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ტთდლ-ის მდგრად განვითარებას ბიომრავალფეროვნების დაცვით და ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით.
სპეციფიური/კონკრეტული ამოცანაა შეიქმნას და ეფექტიანად ფუნქციონირებდეს მონაწილეობაზე დაფუძნებული მართვის სისტემა, რომელიც გააერთიანებს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან. აღნიშნული განხორციელდება მრავალმხრივი სტრატეგიით, რომელიც მოიცავს:

** მონაწილეობაზე დაფუძნებული მართვის სტრუქტურების ჩამოყალიბებას (ტთდლ-ის მართვის სტრუქტურები, გორის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი - LAG);
** ადგილობრივი პროდუქტიულობის ზრდას და მდგრადი შედეგების მიღწევას;
** გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას;
** ფართო განვითარების სტრატეგიებთან ინტეგრაციას.

PIN-ის ლიდერობით, პროექტი თანამშრომლობს მთავარ პარტნიორებთან, მათ შორის ტთდლ-ის ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის, შიდა ქართლის რეგიონული სამთავრობო სტრუქტურების და GALAG-ის წარმომადგენლებთან.

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2024-2027 წლები.

მედია კამპანიის მიზნები:

გამოქვეყნებული კონკურსის ფარგლებში, ორგანიზაცია People in Need (PIN) მიზნად ისახავს ადგილობრივი/რეგიონული მედია საშუალებების მხარდაჭერას, რათა მათ შექმნან მედია პროდუქტები ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტის შესახებ (ტთდლ), მდგრადი განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და გარემოს დაცვის თემებზე. შინაარსი უნდა ასახავდეს იმ სარგებელს, რაც დაცულმა ლანდშაფტმა შესაძლოა მოუტანოს ადგილობრივ თემებს, საქართველოს (მაგ. თუშეთის დაცული ლანდშაფტი) და საერთაშორისო მაგალითებზე დაყრდნობით.
კონკურსის შედეგად შეირჩევა ერთი ან ორი ადგილობრივი/რეგიონული მედია საშუალება, რომლებიც პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მულტიმედიურ პროდუქტებს შექმნიან.
სულ უნდა შეიქმნას და გამოქვეყნდეს/გავრცელდეს არანაკლებ 2 მულტიმედიური პროდუქტი (მაგ. ვიდეო ან აუდიო სიუჟეტები/კლიპები, რადიო პოდკასტი, სტატიები და სხვ.) 2025 წლის 30 ოქტომბრამდე.

მულტიმედიური პროდუქტები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება:

საზოგადოებაში არსებული ზოგადი ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების, ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხებზე ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის (ტთდლ) კონტექსტში.

დაცული ლანდშაფტების სარგებლის წარმოჩენა:

სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებლის წარმოჩენა, რაც დაცულ ლანდშაფტებს (როგორიცაა ტთდლ) შეუძლიათ მოუტანონ ადგილობრივ თემებს, როგორც საქართველოს (მაგ. თუშეთი), ისე საერთაშორისო მაგალითებზე დაყრდნობით.

თემების ჩართულობის წახალისება:

ადგილობრივი თემების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და დაინტერესებული მხარეების შთაგონება, რათა აქტიურად ჩაერთონ და მხარი დაუჭირონ ბუნების დაცვისა და მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკებს.

მაღალხარისხიანი მულტიმედიური კონტენტის შექმნა:

არანაკლებ 2 ხარისხიანი და შინაარსობრივად დატვირთული მულტიმედიური პროდუქტის (ვიდეოები, აუდიო ისტორიები, პოდკასტები, სტატიები და სხვა) შექმნა და გავრცელება 2025 წლის 30 ოქტომბრამდე.

ადგილობრივი მედიის შესაძლებლობების გაძლიერება / წახალისება:

ადგილობრივი და რეგიონული მედია საშუალებების წახალისება გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების თემების გაშუქებისკენ, პრაქტიკული მონაწილეობისა და ამბების მოყოლის გზით.
სამუშაოს აღწერილობა და მეთოდოლოგია
შერჩეული მედია საშუალება/საშუალებები ვალდებულნი იქნებიან შეასრულონ შემდეგი სამუშაოები:

მედია პროდუქტის შექმნა:

მოიკვლიოს, დაგეგმოს, შექმნას სცენარი, შემდგომ სულ მცირე 2 მულტიმედიური პროდუქტი და გაავრცელოს 2025 წლის 30 ოქტომბრამდე.

ფორმატები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

** მოკლე ვიდეო დოკუმენტური ფილმები ან კლიპები;
** ტელეგადაცემა;
** აუდიო ისტორიები ან რადიო პოდკასტები;
** ბეჭდური და ონლაინ სტატიები;
** ფოტო-ესეები ან სხვა კრეატიული ციფრული პროდუქტები;
** ვლოგი ან ვიდეო ბლოგი;
** სხვა განსხვავებული მედია პროდუქტი/კონტენტი.

თემატური ფოკუსი:

შინაარსი უნდა იყოს ორიენტირებული შემდეგ თემებზე:

** მდგრადი განვითარება და სოფლის თემების მდგრადობა;
** გარემოს დაცვა და ბიომრავალფეროვნება;
** ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი (ტთდლ);
** დაცულ ტერიტორიებზე დაფუძნებული პოზიტიური გავლენა ადგილობრივ საცხოვრებელ პირობებზე;
** სხვა დაცული ტერიტორიების წარმატებული გამოცდილება საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

მედია პროდუქტის გავრცელება:

მულტიმედიური პროდუქტის გავრცელება შესაბამის არხებით, მათ შორის:

** ადგილობრივი/რეგიონული ტელევიზია ან რადიო;
** ონლაინ საინფორმაციო პლატფორმები;
** სოციალური მედია (Facebook, YouTube და სხვა);
** ადგილობრივ მოსახლეობაზე მორგებული საზოგადოებრივი ღონისძიებები (მაგ. ღია ჩვენებები, ადგილობრივი ღონისძიებები).

კოორდინაცია და ანგარიშგება:

** მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია PIN Georgia-სა და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან მედია პროდუქტების შემუშავების პროცესში;
** სამუშაო გრაფიკის, პროდუქტის მონახაზებისა და საბოლოო ვერსიების წარდგენა პროექტის გუნდისთვის განსახილველად და დასამტკიცებლად;
** პერიოდული პროგრესის, მედიაგავლენის და საბოლოო ანგარიშის წარდგენა დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად.

აპლიკანტის პროფილი:

** რეგისტრირებული ქართული კანონმდებლობის შესაბამისად;
** ადგილობრივი მედია საშუალება, რომელიც ავრცელებს სანდო და ჭეშმარიტ ინფორმაციას საკუთარ აუდიტორიასთან და დამოუკიდებლად მოქმედებს ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე;
** მულტიმედიური შინაარსის (ვიდეო, აუდიო, სტატიები და სხვ.) მაღალი ხარისხის წარმოების გამოცდილების დამადასტურებელი ისტორია;
** გამოცდილება გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, სოფლის ყოფა-ცხოვრების ან შესაბამის საკითხებთან დაკავშირებული თემების გაშუქებაში.

კამპანიის ბიუჯეტი:

არანაკლებ ორი მედია პროდუქტის შესაქმნელად აპლიკანტს შეუძლია მოითხოვოს არაუმეტეს 3000 ლარისა (ანაზღაურება მოიცავს ყველა ხარჯსა და ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს).
ანაზღაურების გრაფიკი შეთანხმდება შემსრულებელთან.

მოსალოდნელი შედეგები და ვადები:

** დავალების სავარაუდო დაწყების თარიღია 2025 წლის ივლისი. დავალება (შეიქმნას და გამოქვეყნდეს/გავრცელდეს არანაკლებ ორი მედია პროდუქტი) უნდა შესრულდეს სრულად და ყველა შედეგი წარდგენილი უნდა იყოს 2025 წლის 30 ოქტომბრამდე.
** დავალება განხორციელდება პროექტის სამიზნე ტერიტორიაზე — ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე;
** ყველა პროდუქტი უნდა წარდგენილ იქნას ქართულ ენაზე (პროდუქტის ფორმატიდან გამომდინარე შესაძლებელია დამკვეთმა მოითხოვოს პროდუქტის თარგმნა/გამოქვეყნება ინგლისურად ხოლო ვიდეო კონტენტის შემთხვევაში ინგლისური სუბტიტრების დართვა).
** დოკუმენტაცია განაცხადის წარსადგენად და შერჩევის პროცესი

გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

** ძირითადი გუნდის წევრების გამოცდილების მოკლე აღწერა ან რეზიუმეები;
** პორტფოლიო, რომელიც ასახავს წარსულში შესრულებულ შესაბამის სამუშაოს (ბმულების ან ფაილების სახით);
** ტექნიკური და ფინანსური წინადადება, სადაც აღწერილი იქნება შემოთავაზებული ფორმატები, დროის განრიგი, გუნდი და ბიუჯეტი;
** გავრცელების სტრატეგია - როგორ უზრუნველყოფთ შინაარსის მიწოდებას ადგილობრივი/რეგიონული აუდიტორიისთვის.

შერჩევის კრიტერიუმები:

** მსგავსი კონტენტის შექმნის გამოცდილება;
** თითოეული პროდუქტისთვის შემოთავაზებული ფასების ადეკვატურობა ადგილობრივ ბაზართან;
** შემოთავაზებული პროდუქტების რაოდენობა და რელევანტურობა;
** მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან მოხდება დაკავშირება.

დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zurab.imerlishvili@peopleinneed.net

გთხოვთ, წერილის თემის/სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი ტექსტი: მულტიმედიური პროდუქციის შექმნა

განაცხადების წარსადგენი ბოლო ვადაა: 2025 წლის 20 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე