|
დასახელება:
სტუდენტური ესეების კონკურსი
|
| მომწოდებელი:
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
სტუდენტური ესეების კონკურსი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაცია საქართველოში მოხარულია გამოაცხადოს სტუდენტური ესეების კონკურსი.
კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში აკრედიტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სწავლების და სამეცნიერო კვლევის წახალისებას. ასევე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესრულებისა და პატივისცემის ხელშეწყობას.
ესეების თემები
მონაწილეებმა უნდა შეარჩიონ ჩამოთვლილი თემებიდან მხოლოდ ერთი:
** ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისა და კასეტური იარაღის გამოყენების აკრძალვა: სამართლებრივი ჭრილი და ჰუმანიტარული სარგებელი
** საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ყველა პირის იძულებითი გაუჩინარებისგან დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მნიშვნელობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან და მათ ოჯახებთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ
** ომის ტყვეები და ინტერნირებული პირები: თანამედროვე გამოწვევები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სამართლის მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით
** ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენა თანამედროვე შეიარაღებულ კონფლიქტებზე: სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის სამართლებრივი პერსპექტივა
მონაწილეობის კრიტერიუმები:
** კონკურსი ღიაა საქართველოში აკრედიტაციის მქონე ნებისმიერი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის პროგრამების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
** ესე შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ელექტრონულ (ნაბეჭდ) ფორმატში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული აკადემიური ციტირების მინიმალური სტანდარტის დაცვით. დაცული უნდა იყოს ციტირების ერთიანი სტილი (არ მოითხოვება ციტირების კონკრეტული სტილი, თუმცა მნიშვნელოვანია ავტორის მხრიდან სქოლიოსა და მითითების ერთი წესის შერჩევა და დაცვა).
** ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს 2000-იდან 3000 სიტყვამდე (სქოლიოს ჩათვლით, თუმცა ბიბლიოგრაფიის გამოკლებით), შრიფტი - Sylfaen, ფონტის ზომა 11, ინტერვალი 1, 15.
** ავტორის სახელი, გვარი, ფაკულტეტი, უნივერსიტეტი და სწავლების წელი უნდა იყოს მითითებული თავფურცელზე.
** ნაშრომის ბოლოს ავტორმა მკაფიოდ უნდა აღნიშნოს, რომ ნაშრომი შესრულებულია მხოლოდ მის მიერ და ადგილი არ აქვს პლაგიატს. კოლექტიური ნამუშევრები არ მიიღება. პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში ნაშრომი კონკურსიდან მოიხსნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა წარდგენილი ნამუშევარი აუცილებლად უნდა იყოს სტუდენტის ორიგინალური ნაშრომი. ესეები, რომლებიც შექმნილია ან სადაც მნიშვნელოვნად ჩანს ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების გამოყენება შინაარსობრივი საკითხების დამუშავების დროს (მაგ. ChatGPT-ის ან სხვა მსგავსი პლატფორმა) არ შეფასდება და სტუდენტი მოიხსნება კონკურსიდან.
შეფასების კრიტერიუმები:
შეფასების დროს ყურადღება გამახვილებული იქნება კვლევის შინაარსზე, განხილული საკითხების აქტუალობაზე, ნაშრომის სტრუქტურაზე, დამოუკიდებელ და ანალიტიკურ დასაბუთებაზე, სამართლებრივ არგუმენტაციასა და ლოგიკურ მსჯელობაზე.
პრიზები:
I ადგილი: 1500 ლარი
II ადგილი: 800 ლარი
III ადგილი: 500 ლარი
მონაწილეებს გადაეცემათ ჟენევის კონვენციები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა პუბლიკაციები.
ნაშრომების წარდგენის წესი და ბოლო ვადა:
ესეების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 მაისი.
სტუდენტებმა ნაშრომები MS Word და PDF ფორმატში უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@icrc.org
აუცილებელია სათაურის ველში მიეთითოს "სტუდენტური ესეების კონკურსი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში".
|
|
|
|