დასახელება:
ზაფხულის სკოლა
|
მომწოდებელი:
ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 15 ივლისი
|
ზაფხულის სკოლა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებისთვის
გარემოსდაცვითი და კარგი მმართველობის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ვიწვევთ ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
ზაფხულის სკოლის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ინფორმირებულობა და შესაძლებლობები გარემოსდაცვით, კლიმატის ცვლილებისა და კარგი მმართველობის საკითხებში. ზაფხულის სკოლა ორიენტირებულია ახალგაზრდები აღჭურვოს ცოდნით, უნარებითა და ინოვაციური აზროვნებით, რაც მათი მომავლის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია.
ზაფხულის სკოლა 2025 წლის ივლისის თვეში გაიმართება (5 დღე). შერჩეულ მონაწილეებს სკოლის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით მიეწოდებათ.
ვის შეუძლია გახდეს ზაფხულის სკოლის მონაწილე?
ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
** საცხოვრებელი ადგილი: მონაწილე უნდა ცხოვრობდეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში;
** ასაკი: მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 20-დან 30 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს;
** განათლება: მონაწილე უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან დასრულებული უნდა ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა;
** ინგლისური ენის დონე: მონაწილე სასურველია B2 დონეზე ფლობდეს ინგლისურ ენას (ეს მოთხოვნა არ არის სავალდებულო);
** მონაწილეობის ფორმატი: მონაწილეს უნდა ჰქონდეს მზაობა ზაფხულის სკოლის პროგრამას დაესწროს სრულად (5 დღის განმავლობაში).
თუ ამ აღწერაში შენი თავი დაინახე - არ დააყოვნო, შეავსე ონლაინ განაცხადი და შემოგვიერთდი ზაფხულის სკოლაში! მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსით.
ზაფხულის სკოლის ორგანიზატორები არიან: რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდი და საინიციატივო ჯგუფი "მთის ხმა".
ზაფხულის სკოლა ტარდება ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის "მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე" (ENPARD IV) ფარგლებში.
რას გთავაზობთ ზაფხულის სკოლა?
** მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ 5 დღე და მიიღონ/გაიღრმავონ ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა - გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავება, ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისების წარმოება და მიწოდება, ევროპული მიდგომები გარემოს დაცვის და კარგი მმართველობის მიმართულებით. ზაფხულის სკოლა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, შეხვდნენ გარემოს დაცვის და კარგი მმართველობის სფეროების პრაქტიკული და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე ექსპერტებს.
** ზაფხულის სკოლის პროგრამა დატვირთული იქნება ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრებით, დისკუსიებით, ფილმის ჩვენების სეანსით და სხვა საინტერესო აქტივობებით, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, იყვნენ აქტიური მონაწილეები (არა მხოლოდ მსმენელები), წარმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი უნარები, თეორიული ცოდნა გახადონ პრაქტიკული, მათი აზრები და იდეები გაუზიარონ სხვა მონაწილეებს, დასვან შეკითხვები, იაზროვნონ კრიტიკულად, მოიფიქრონ ინოვაციური გადაწყვეტები.
** ზაფხულის სკოლის ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.
** ზაფხულის სკოლის ორგანიზატორები სრულად დაფარავენ სასტუმროში მონაწილეთა განთავსების, ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს.
რა არის საჭირო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად?
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ონლაინ ფორმა - https://forms.gle/pCuLSfi1PDuQumno9 და იქვე ატვირთონ CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე).
ონლაინ განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ივლისი, 23:59 საათი.
ზაფხულის სკოლის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
** წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის ახალგაზრდები, რომლებიც დადგენილი ვადის დაცვით წარმოადგენენ განაცხადის ონლაინ ფორმას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ ელფოსტის მისამართზე - m.napetvaridze@irc.ge
|
|
|
|