Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644144&print=yes&view=jobs
 
ავეჯის დიზაინერი, ავეჯის კონსტრუქტორი, ინტერიერის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის დიზაინერი, ავეჯის კონსტრუქტორი, ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: არქიონ გრუპი
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ავეჯის მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე.

ვინ ვართ?

"არქიონ გრუპი" წარმოადგენს კომპანიას რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს "Archion Furniture" და "Archion Interior" ის მიმართულებას. მალე შემოგვიერთდება "Archion Construction"-იც. ზემოხსენებული გახლავთ მართლაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, კომპეტენტური და რაც მთავარია, კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდის გაერთიანება, რომელიც ახალი შემართებით, ახალი იდეებით და ახალი წევრებით, ძალიან ენერგიულად ეცდება და აუცილებლად დაიკავებს საკუთარ ღირსეულ ადგილს ბაზარზე. კომპანიის უმთავრესი ღირებულება პირველ რიგში ადამიანური ურთიერთობებია და შემდეგ სხვა დანარჩენი.

უფრო კონკრეტულად რას ვსაქმიანობთ?

ჩვენ ვქმნით ზეაღმატებულ ატმოსფეროს ჩვენი დამკვეთების ოფისებში, სახლებში თუ აგარაკებზე, ვგეგმავთ და ვაწარმოებთ პრემიუმ კლასის ავეჯს, უმაღლესი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროდუქტს (ავსტრიული, იტალიური და თურქულის შემთხვევაში მხოლოდ პრემიუმ კლასის მასალებით). ავეჯის თითოეული დეტალი ზედმიწევნით ყურადღებით და გონივრულად იგეგმება დიზაინის და კონსტრუირების ფაზაში და შემდეგ უკვე პროფესიონალ ხელოსანთა გუნდი აძლევს სიცოცხლეს, ჩვენსავე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ საამქროში.

რატომ შეგხვდა ეს განცხადება?

ალბათ საჭირო დროს აღმოჩნდი საჭირო ადგილას, ან უბრალოდ დამთხვევაა. კარგი ეს ხუმრობით, მაგრამ შეიძლება ზუსტად შენ იყო ჩვენი ის მომავალი კოლეგა, გუნდის წევრი, თანამებრძოლი, რომლისთვისაც ახალი პროფესიული ეპოქა დადგება ცხოვრებაში და საინტერესო გამოწვევებს არ შეუშინდება. სამსახური და ბედნიერება ურთიერთგამომრიცხავი არ უნდა იყოს, ზუსტად ეს არის ძირითადი იდეა რომელზეც დგას კომპანია.

რას გთავაზობთ?

** ღირსეულ ანაზღაურებას
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ოფისს ცენტრალურ/პრესტიჟულ უბანში
** მეგობრულ გუნდს (საინტერესო გასვლით აქტივობებს, ეგ მერე ერთად დავგეგმოთ)
** სამედიცინო დაზღვევას
** ადეკვატურ სამუშაო გრაფიკს ორშაბათი-პარასკევი 9:00-17:00 მდე
** პერიოდულ ტრენინგებს პროფესიული და ასევე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის უცხო ენები.
** თვითრეალიზების მაქსიმალურ შესაძლებლობას

ვის ვეძებთ?

** ავეჯის დიზაინერი - ანაზღაურება 2500 +
** ავეჯის კონსტრუქტორი - ანაზღაურება 3000 +
** ინტერიერის დიზაინერი - ანაზღაურება 2500 +
** ოფის მენეჯერი - ცხადია, აქაც ღირსეული ანაზღაურება, უბრალოდ მოლაპარაკების საკითხია
** დელპიერო - არ არის აქტიური ჯერჯერობით

მანამდე სანამ სათითაოდ განვმარტავ ვაკანტური პოზიციების უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობებს, სხვა ბენეფიტებს, გეტყვი რომ ძალიან მეგობრულ გუნდში დგამ ფეხს, გეძლევა საშუალება შენი უდიდესი წვლილი შეიტანო კომპანიის განვითარებაში.

ყველა ვაკანტურ პოზიციას ერთ განცხადებაში ვაქცევ, ვთვლი რომ დასაწყისშივე გამჭვირვალეობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და მეგობრობაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდეს გუნდი.

კომპანიის შიდა სამუშაო/საკომუნიკაციო პროგრამაც ამ პრინციპებზეა აწყობილი. ყველა თანამშრომელს საკუთარი ექაუნთი გექნებათ (ონლაინ თასქ მენეჯერი) და ამოცანებს ერთად დავისახავთ ხოლმე დილის თათბირზე, ფინჯან ყავასთან ან ჩაისთან ერთად. ანუ სამსახურში არ ვაგვიანებთ, ეს მნიშვნელოვანია.

გირჩევ ჩამონათვალიდან შენთვის არარელევანტური ვაკანსიის ტექსტიც წაიკითხო და გაიაზრო შენი მომავალი კოლეგების როლიც კომპანიაში.

1. ავეჯის დიზაინერი

3Ds Max ში მუშაობა და სცენების დამოუკიდებლად აწყობა რომ უნდა შეგეძლოს, ისედაც მიხვდებოდი ვაკანსიის დასახელებიდან გამომდინარე. კიდევ შენთვის უცხო არ უნდა იყოს ფერების აღქმა, ფორმები, ერგონომიკა, ესთეტიკა და ა.შ. ერთი სიტყვით, უნდა იყო გემოვნებიანი და გონიერი ადამიანი.
რენდერერი გინდა VRay გამოიყენე, გინდა Corona, მთავარია სასიამოვნო, ტექნიკურად გამართული და დახვეწილი ვიზუალები დადო.

აქვე გეტყვი, რომ კომპანია გაძლევს საშუალებას, სიგიჟეები აკეთო შენი საქმიანობის ფარგლებში, უბრალოდ, შემდეგ თავად უნდა შეგეძლოს საკუთარი "გიჟური" გადაწყვეტილებები არგუმენტირებულად და მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდო დამკვეთს. გამოცდილების გარეშე ცოტა გაგიჭირდება. ვფიქრობ ამ პოზიციისთვის აუცილებელია რაღაც დონეზე ავეჯის სპეციფიკის ცოდნა და კარგი იქნება ერთი, ორი, სამი, ოთხი საამაყო რენდერიც თუ გექნება შენს პორტფოლიოში პირველ გვერდზე გამოჭიმული. ეს უკანასკნელი თუ შეიძლება რეზიუმესთან ერთად გამოგვიგზავნე მეილზე.

ვისურვებდი ინდივიდუალური ავეჯის დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 2 ან 3 წლიანი გამოცდილება გქონდეს, მაგრამ შენ თუ თვლი, რომ გამოცდილების გარეშეც შესაძლებელია, კი ბატონო, გამოგზავნე რეზიუმე და პატარა წერილიც მიაყოლე, სადაც საკუთარ აზრს დააფიქსირებ და ამიხსნი თუ როგორ შეძლებ თავი გაართვა იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც აიღებ ამ პოზიციაზე დასაქმებით.

ასევე გაგვახარებ თუ დამატებით ფლობ სხვა პროგრამებსაც, მაგალითად Sketchup, autocad, corel და აშ.. მოკლედ რაც მეტი იცი, მით უკეთესი შენთვისაც და ჩვენთვისაც. რაც არ იცი კიდევ მაგას ისწავლი, არასდროს არის გვიანი ამ საქმისთვის, მთავარია მონდომება.

ასევე პირველადი, დიზაინის შესაქმნელად გამოსადეგი მარტივი ანაზომის გაკეთება/არსებული სივრცის ფოტოგადაღება თავადაც უნდა შეძლო დამოუკიდებლად. საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად მოგეხმარება ვინმე, თუნდაც ეს კომპანიის დირექტორს მოუწიოს.

2. ავეჯის კონსტრუქტორი

შენ დიზაინერთან შედარებით ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გმართებს, მოგიწევს ობიექტებზე ვიზიტი და უზუსტესი ანაზომების გაკეთება, სანამ კონსტრუქციულ 3D მოდელს ააგებ. მოდელის აგების და დასტურის შემდეგ მასალის განშლას გაამზადებ ხერხზე გასაგზავნად. მართვის მოწმობა B კატეგორია თუ ჯერ არ გაქვს, აიღე აუცილებლად, დამოუკიდებლად უნდა შეძლო გადაადგილება.

უნდა შეგეძლოს დიზაინერის გიჟური გადაწყვეტილებები სისრულეში მოიყვანო მშვიდად და აუღელვებლად, ყველა სიტუაციაში მონახო ოპტიმალური გზა და პროექტი თუნდაც კაპიტალურად, მაგრამ ისე დაარედაქტირო რომ არც დიზაინერი გაგვინაწყენო და არც დამკვეთი. ყველა მხარე ბედნიერი უნდა იყოს.

აუცილებლად უნდა ერკვეოდე საავეჯე მასალებში, ფურნიტურაში, პოპულარულ და ხშირად გამოყენებად მექანიზმებში. (მაგ: საბოთლე, კუთხის მოძრავი თარო, ურნები, საწური, საშარვლე, ლიფტი, ასახდელები და აშ..) ზეპირად ცხადია ვერ გეცოდინება კოდები, მაგრამ დამკვეთთან კომუნიკაციის დროს საუბარში დომინანტი აუცილებლად შენ უნდა იყო. ყოველთვის გახსოვდეს რომ შენ ხარ კომპანია და შენ კისერზეა შედეგი, თუ რამდენად წარმატებულად ჩაბარდება პროექტი.

უკვე აღვნიშნე რომ უნდა შეგეძლოს ობიექტზე უშეცდომოდ ზომების აღება, თავის გრადუსების, კედლის დახრილობისა თუ დიაგონალების გადამოწმებით. დამეთანხმები წარმატების ნახევარი ან მეტი, ზუსტი და უშეცდომო აზომვაა ჩვენ საქმეში. მესმის შეცდომა ყველას შეიძლება გაეპაროს, მაგრამ ოპერატიულად გამოსწორებადი უნდა იყოს. მჯერა ისეთ შეცდომას ვერ დაუშვებ, რეპუტაციული რისკის ქვეშ რომ დააყენო კომპანია. შენ ხარ გუნდის ლოკომოტივი ტექნიკური მიმართულებით. ეს ყველაფერი გამოცდილებას მოაქვს, მინდა რომ შენც გამოცდილი პროფესიონალი შემოუერთდე ჩვენ გუნდს.

სამუშაო პროგრამებს რაც შეეხება ვფიქრობ თუნდაც ზედაპირულად 3Ds მაქსიდან დაწყებული სკეთჩაპით დამთავრებული ყველა საჭირო პროგრამა უნდა იცოდე, მაგრამ ძირითადი დატვირთვა ავეჯის კონსტრუირებისთვის გათვლილ პროგრამაზე გექნება, ამ ეტაპზე ვფიქრობ Bazis Woodworker ს იგივე (ბაზის მებელშიკი). ვთვლი რომ ეს უკანასკნელი საკმაოდ სწრაფია და თან ადაპტირებულია იმ სამუშაო სქემასთან რომლითაც კომპანია მუშაობს. ბაზისის ნახაზებით იხელმძღვანელებს ჩვენი წარმოებაც.

აკინძული ინსტრუქციის ნიმუშებს აუცილებლად განახებ პირველივე შეხვედრაზე.

ასევე შენი გამზადებული პროექტის სრულყოფილად შესრულებისთვის საჭირო შესაძენი მასალების სიაც თავად უნდა გაამზადო, თავად გაქვს ნაფიქრი და ყველაზე უკეთ შენ იცი რამდენი ანჯამა, უჯრის სავლელი (რაოდენობის, სიგრძეების, მწარმოებლის მიხედვით) განათების ლენტი, სენსორი, პროფილები თუ პროფილური სახელურები და აშ.. დაგჭირდება.

შესყიდვების შაბლონი გექნება და პროექტთან ერთად, მიბმული დოკუმენტის სახით გადაგზავნი წარმოების მენეჯერთან.

მითითებულ მეილზე გამომიგზავნე შენ შესახებ ინფორმაცია, ე.წ. რეზიუმე და რამდენიმე შესრულებული პროექტიც მიაყოლე, წარმოდგენა რომ შემექმნას შენ შესაძლებლობებზე. შენ აზრსაც სიამოვნებით მოვისმენ ტექ. საკითხებთან დაკავშირებით. შეგიძლია წერილის სახით დაურთო რეზიუმეს.

3. ინტერიერის დიზაინერი

Archicad, 3Ds max, Revit, Autocad ჩამოთვლილი პროგრამები გეცნო? მაშინ ძალიან კარგი.

საპროექტო ობიექტი ერთხელ მაინც ხომ აგიზომია და არსებული მოცემულობა გაგიანალიზებია? ჰოდა, იმავეს გაკეთება მოგიწევს განმეორებით კიდევ უამრავჯერ.

რა იქნება შენი ამოცანა?

** პირველ რიგში დამკვეთთან ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარება
** დასამუშავებელი ობიექტის პირველადი აზომვა
** ობიექტის ანალიზი სხვადასხვა ასპექტში
** 2დ გეგმარება (განლაგება, ტიხრები, ავეჯი, წერტილები და ა.შ.)
** რაღა თქმა უნდა ამ ყველაფრის ეფექტურად გადმოცემა უნდა შეგეძლოს დამკვეთისთვის

პროექტის პირველ ეტაპს რომ წარმატებით ჩახურავ გადახვალ მეორეზე

** ობიექტის 3დ ვიზუალიზაცია/ხარისხიანი რენდერი
** ფერების და ფორმების ვალსი უნდა იყოს შენ დიზაინში, უნდა მღეროდეს ფოტო :))
** ტრენდული (ანუ კომპანიის ხელწერის შესაფერისი) ავეჯის ჩასმა სივრცეებში.
** სხვა თანამედროვე ტენდენციებსაც თვალყური უნდა ადევნო ხოლმე, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული მჭირდები სამსახურში.
** კომუნიკაბელური რომ უნდა იყო მაგას ხაზს აღარ გავუსვამ ახლა
** სიჯიუტე კარგია, მაგრამ კრიტიკულ შეფასებებზეც ხისტი რეაქციები ნუ გექნება, ხანდახან მსუბუქი დებატებიც მოგიწევს საკუთარი შემოქმედებითი იდეის დასაცავად, გუნდის მხარდაჭერის იმედი ნებისმიერ შემთხვევაში გქონდეს
** სარემონტო მასალებში უნდა ერკვეოდე
** უცხო ენებში პოლიგლოტობას არ გთხოვ, თუ იცი რომელიმე გამიხარდება თუ არადა ტრენინგებსაც გთავაზობს კომპანია ამ მიმართულებით.
** რემონტის ხელოსნებთან კომუნიკაცია მოგიწევს ხოლმე, მჯერა საერთო ენას გამოვნახავთ ერთად

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო და სტანდარტულ ვაკანსიის შაბლონურ ტექსტს არ დავამსგავსო, რაც მეტი იცი შენ საქმეში და მეტი გამოცდილება გაქვს, მით მარტივად გაართმევ თავს ნაკისრ ვალდებულებს. გამოგვიგზავნე ნამუშევრები მითითებულ მეილზე და დანარჩენი საკითხები შეხვედრაზე გავიაროთ. არ მოგერიდოს კითხვების დასმა არც საკუთარი აზრის დაფიქსირება, შეგიძლია მეილზე მოიწერო და ვეცდები ოპერატიულად დაგიბრუნო პასუხი.

4. ოფისის მენეჯერი

ვიცი, გონებაში ის "არ დაფიქსირებული" ანაზღაურება გიტრიალებს, ახლაც ვფიქრობ მაგ საკითხზე. მოდი ფუნქცია-მოვალეობები გავიაროთ და შემდეგ ერთად დავგეგმოთ. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ძირითადი მიმართულება პრემიუმ კლასის ავეჯის წარმოებაა, ცხადია ოფისში/შოურუმში რამდენიმე ეგზამპლარი გვექნება ჩვენი დამზადებული ავეჯის. (სამზარეულო მინ. 2 ცალი+კუნძული, გარდერობი ღია და დახურული, მისაღების ავეჯი, ჰოლის ავეჯი, დეკორაციული კარადა, დეკორაციული კედელი + თაროები, ტვ კონსოლი, აბაზანის ავეჯი და აშ.)

როგორ წარმომიდგენია შენი როლი?

** შენ იქნები კომპანიის მომღიმარი სავიზიტო ბარათი
** უპასუხებ კომპანიის ტელეფონის ნომერზე შემოსულ ზარებს და შიდა პროტოკოლით გათვალისწინებულ, შეძლებისდაგვარად კომპეტენტურ პასუხებს გასცემ კითხვებზე.
** დიზაინერის ან კონსტრუქტორის თხოვნით დამკვეთთან ჩანიშნავ შეხვედრას, ოფისში ან ობიექტზე. (საჭიროების მიხედვით)
** საწყის ეტაპზე სოც. ქსელში პასუხის დაბრუნებაც შენი კომპეტენცია იქნება.
** უკვე ერკვევი/ან სწრაფი ტემპით აითვისებ ინდივიდუალური ავეჯის სპეციფიკას/ფურნიტურას/მექანიზმებს
** ადგილზე მოსულ დამკვეთს დაათვალიერებინებ შოურუმს და შესაბამის თანამშრომელთან გადაამისამართებ საჭიროებისამებრ.
** დაესწრები დილის თათბირებს და ოფისში მიმდინარე ყველა პროცესს ყურადღებით დააკვირდები.
** ხელშეკრულებების გაგზავნა/ადგილზე ხელმოსაწერად დაბარება კლიენტის და შემდეგ ამ დოკუმენტაციის მოწესრიგებულად შენახვა/დაარქივებაც შენი კომპეტენცია იქნება.
** ასევე შენი როლი დამკვეთებისგან უკუკავშირის/რეპორტების შექმნასაც ითვალისწინებს. (წარმატებული და წარუმატებელი პროექტის მონიტორინგი, ჩავარდნის შემთხვევაში მიზეზის დადგენა და დამკვეთის შეფასების დაფიქსირება წერილობით. შემდეგ ამ ყველაფრის პროექტის საქაღალდეში დამატება)

დისციპლინური და შრომისმოყვარე რომ აუცილებლად უნდა იყო, ახლა ამ გაცვეთილი ტექსტით არ დაგტვირთავ ზედმეტად. აი მოტივირებულობას, რაც შეეხება ვიცი ეგ მეტწილად ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ცოტა ენთუზიაზმი შენც უნდა გაგაჩნდეს საქმეში.

მიღებულ ინფორმაციას ადეკვატური ანალიზი გაუკეთე და რეზიუმეს რომ გამოგვიგზავნი, იქვე პატარა წერილიც მიაყოლე სადაც შენ გონივრულ მოლოდინს მეტყვი ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ასევე სიამოვნებით მოვისმენ შენ პოზიციას აღნიშნულ როლთან დაკავშირებით, რაიმე ხომ არ არის ზედმეტი ჩვენ მოთხოვნებში ან რაიმე ხომ არ აკლია და პირიქით, შენ შეგიძლია შემოგვთავაზო.

კარგია რომ ტექსტი ბოლომდე წაიკითხე.

ახლა რას აკეთებ?

** თუ გაიაზრე გამოცხადებული ვაკანსიის ტექსტის შინაარსი, შენი მომავალი პასუხისმგებლობები, ამოცანები და ა.შ.
** დროის გარკვეული მონაკვეთით, შენ წარმოსახვაში მობრძანდი ოფისში, დაბრძანდი შენ კომპიუტერთან და ცოტა იმუშავე კიდეც შენ პოზიციაზე და თუ ეს მოგეწონა
** ასევე გარკვეული სიმპატიები გაგიჩნდა ჩვენს მიმართ და მეგობრობის მზაობაც გაქვს უკვე
** თუ თვლი რომ ჩვენც უნდა მოგვეწონო, როგორც მომავალი გუნდის წევრი
** თუ გიყვარს ის საქმე, რასაც გააკეთებ გულით და შენ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებ
** თუ შენც მხიარული და მეგობრული ხარ ჩვენსავით

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩვენი მეილია: dimensioartis@gmail.com

(აუცილებელი კითხვების შემთხვევაში შეგიძლია დამირეკო კიდეც: 599 399 475)

გამომიგზავნე მეილი. ვაკანსიის ტექსტში ნახავდი, რაც მინდა შენგან და კიდევ უმორჩილესად გთხოვ საბჯექთში აუცილებლად მიუთითე, რომელ პოზიციაზე შემოგაქვს განაცხადი.

ვალდებული არ ხარ, მაგრამ კარგი იქნება შენი რეზიუმე ფოტოსურათით იყოს, სოციალური ქსელის ლინკსაც თუ დაურთავ, მთლად უკეთესი

გისურვებ წარმატებებს.

გთხოვ, გაითვალისწინო, რომ შენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ შენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 2 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია