Робота для біженців з України
ზამთრის სკოლა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ზამთრის სკოლა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის
მომწოდებელი: გაეროს განვითარების პროგრამა
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 04 ნოემბერი
ზამთრის სკოლა "თანამედროვე საჯარო მმართველობა", სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის

"გაეროს განვითარების პროგრამა" (UNDP) საჯარო მმართველობის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს ზამთრის სკოლაში - "თანამედროვე საჯარო მმართველობა" მონაწილეობის მისაღებად.

ზამთრის სკოლის მიზანია, გაიზარდოს სტუდენტების ინფორმირებულობა და შესაძლებლობები საჯარო მმართველობის სფეროში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში. ზამთრის სკოლა ორიენტირებულია, სტუდენტები აღჭურვოს ცოდნით, უნარებითა და ინოვაციური აზროვნებით, რაც აუცილებელია მომავალი თაობის საჯარო მოხელეებად ჩამოყალიბებისთვის.

ზამთრის სკოლა გაიმართება 2024 წლის 4-8 დეკემბერს (5 დღე), ქალაქგარეთ (შერჩეულ მონაწილეებს ზამთრის სკოლის ჩატარების ადგილის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით მიეწოდებათ).

ზამთრის სკოლა ჩატარდება ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ხელშეწყობით.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ზამთრის სკოლაში ვიწვევთ საჯარო მმართველობის საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

** მონაწილე უნდა იყოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;
** მონაწილეს უნდა ჰქონდეს მზაობა, ზამთრის სკოლის პროგრამას დაესწროს სრულად (5 დღის განმავლობაში);
** მონაწილე სასურველია B2 დონეზე ფლობდეს ინგლისურ ენას.

რას გთავაზობთ?

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ 5 დღე და მიიღონ/გაიღრმაონ ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა - საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობა ევროინტეგრაციის გზაზე, კარგი მმართველობის ევროპული პრინციპები, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის არსი და მნიშვნელობა, პოლიტიკის დაგეგმვა და საჯარო კონსულტაციები, ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისების წარმოება და მიწოდება, ციფრული ტრანსფორმაცია და სხვა. ზამთრის სკოლა მონაწილეებს დაეხმარება მომავალი თაობის საჯარო მოხელეებისათვის საჭირო ცოდნის მიღებაში (შემოქმედებითი აზროვნების მიდგომა (Design Thinking), პრობლემების ინოვაციური გზებით გადაწყვეტა და სხვა). ზამთრის სკოლა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, შეხვდნენ საჯარო მმართველობის სფეროს პრაქტიკული და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე ექსპერტებს.

ზამთრის სკოლის პროგრამა დატვირთული იქნება ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრებით (სიმულაციები, როლური თამაშები), დისკუსიებით, ფილმის ჩვენების სეანსით და სხვა საინტერესო აქტივობებით, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, იყვნენ აქტიური მონაწილეები (არა მხოლოდ მსმენელები), წარმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი უნარები, თეორიული ცოდნა გახადონ პრაქტიკული, მათი აზრები და იდეები გაუზიარონ სხვა მონაწილეებს, დასვან შეკითხვები, იაზროვნონ კრიტიკულად, მოიფიქრონ ინოვაციური გადაწყვეტები.

ზამთრის სკოლის ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს. ზამთრის სკოლის ორგანიზატორები სრულად დაფარავენ სასტუმროში მონაწილეთა განთავსების, ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს.

რა არის საჭირო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად?
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ონლაინ ფორმა - https://forms.gle/nv2xpTT5MB2WXnkF9 და იქვე ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:

** CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
** ნიშნების ფურცელი (სამაგისტრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტების შემთხვევაში ნიშნების ფურცელი ბაკალავრიატიდან).

ონლაინ განაცხადისა და დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 4 ნოემბერი, 23:59 საათი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც დადგენილი ვადის დაცვით წარმოადგენენ ყველა მოთხოვნილ დოკუმენტს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში (მათ შორის განაცხადის ონლაინ ფორმის გახსნასთან, ფორმაში დოკუმენტების ატვირთვასთან და ა.შ. დაკავშირებით), მოგვწერეთ ელ.ფოსტის მისამართზე - m.napetvaridze@irc.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე