Робота для біженців з України
დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა
მომწოდებელი: საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 580761_grants_8213831.zip
"საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი" დიაბეტის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა", რომლის მიზანია ჯანმრთელობისა და საგანმანათლებლო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, გააძლიეროს საქართველოში მცხოვრებ დიაბეტის მქონე ბავშვთა ჯანმრთელობისა და განათლების უფლებები.

პროექტის ძირითადი საქმიანობები ხორციელდება თბილისში, აჭარის, სამეგრელოსა, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებში. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დიაბეტის მქონე ბავშვები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები, ცენტრალური და რეგიონული ჯანდაცვის ხელისუფლება, სამედიცინო პერსონალი, სამოქალაქო საზოგადოებრივი და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

მცირე გრანტების პროგრამა რეგიონული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მშობელთა ჯგუფებისათვის.

კონკურსის მიზანი:

მცირე საგრანტო კონკურსის მიზანია რეგიონული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მშობელთა ჯგუფების მიერ საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიის გზით თემის მობილიზება და ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმირება დიაბეტის მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალურ საკითხებზე, რათა მუნიციპალურ პროგრამებში მოხდეს მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მშობელთა კავშირებს, რომელთა საქმიანობა ბავშვთა ჯანმრთელობის, განათლებისა და/ან სოციალურ საკითხებს უკავშირდება. განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს რამდენიმე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან მშობელთა ჯგუფების მიერ ერთობლივად.

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები:

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ თითოეულ განაცხადში მინიმუმ შემდეგი აქტივობები უნდა იყოს გათვალისწინებული:

** თემის მობილიზაცია დიაბეტის მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის, განათლებისა და/ან სოციალურ საკითხებთან მიმართებაში;
** მცირე მასშტაბის კვლევის განხორციელება დიაბეტის მქონე ბავშვთა კონკრეტული ჯგუფების იდენტიფიცირებისთვის და მათი მიზნების შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;
** ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ადვოკატირებისა და საინფორმაციო კამპანიის განხორციელება;
** საერთო პოპულაციისთვის ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები (ქუჩის აქტივობები, წარმოდგენები, პროგრამები ადგილობრივ სატელევიზიო/რადიო გადაცემებში და სტატიები ბეჭდურ და ინტერნეტ მედია საშუალებებში).
** დაფინანსების პირობები

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მინიმუმ 3 მცირე ბიუჯეტიანი პროექტი. თითოეული პროექტისათვის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს. პროექტის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსების მოთხოვნა მხოლოდ პროექტის აქტივობების განსახორციელებელი ხარჯების დასაფარად. პროექტის თანამშრომელთა ხელფასები უნდა იყოს მინიმალურად მოთხოვნილი. საოფისე, კომუნალური და პროექტის აქტივობებთან პირდაპირი კავშირის არმქონე ხარჯები არ ანაზღაურდება.

პროექტის ხანგრძლივობა: შემოთავაზებული პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს.

საპროექტო განაცხადის მიღებისა და განხილვის პროცესი

განაცხადის შეფასებასა და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი ორგანოა საგრანტო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია "საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი"-ს გამგეობის წევრებით, ჯამში 5 ადამიანი.

პროექტის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე ncd2017georgia@gmail.com თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ "Small Grant Program".

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 ოქტომბერი, 10.00 საათი. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ მიიღება.

პროექტი და ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ თანდართული ფორმების შესაბამისად. ხელით შევსებული და შემდეგ სკანირებული განაცხადები არ განიხილება.

განაცხადის შევსების ტექნიკური მოთხოვნები: შრიფტი - Sylfaen, ზომა - 11, სტრიქონებს შორის მანძილი - 1.

მნიშვნელოვანი თარიღები:

** საგრანტო კონკურსის გამოცხადება - 11 სექტემბერი, 2024
** საპროექტო წინადადების მიღების ბოლო ვადა - 15 ოქტომბერი, 2024
** გამარჯვებული პროექტების გამოვლენის ბოლო ვადა - 1 ნოემბერი, 2024
** პროექტის დაწყება - 1 დეკემბერი, 2024

გამარჯვებული პროექტების გამოცხადების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია დაგეგმილი აქტივობების ეფექტური დაგეგმვისა და განხორციელებისათვის, გამარჯვებული პროექტის გუნდის წევრებს გაუწევს შესაბამის კონსულტაციებს.

პროექტების შეფასების კრიტერიუმები

საკონკურსო განაცხადების შესაფასებლად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენება:

** კონკურსის მიზანსა და პირობებთან შესაბამისობა - 30 ქულა
** პროექტის გუნდის კვალიფიკაცია და გამოცდილება (დიაბეტის მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის, განათლების და/ან სოციალურ სფეროში, ადგილობრივ თემთან და ხელისუფლებასთან მუშაობის გამოცდილება) - 20 ქულა
** მომზადებული საპროექტო განაცხადის გამართულობა (საპროექტო განაცხადი ამომწურავად პასუხობს კითხვებს და აღნიშნული პასუხები კარგად არის დასაბუთებული) - 10 ქულა
** პროექტის მდგრადობა და მასშტაბურობა (პროექტის სამიზნე ბენეფიციარებზე ზეგავლენის მასშტაბურობა და ხარისხი) - 20 ქულა
** პროექტის ბიუჯეტის ხარჯთ-ეფექტიანობა - 20 ქულა

ჯამი - 100 ქულა

საკონტაქტო ინფორმაცია: დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტის შემდეგ შემდეგ მისამართზე: ncd2017georgia@gmail.com. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე