Робота для біженців з України
საგრანტო კონკურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: აფხაზინტერკონტი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 16 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 571076_Abkhazintercont___Grant_Competition_3185247.zip
პროექტის დასახელება: "სოფლად მაცხოვრებელი მოწყვლადი ჯგუფების შემოსავლების გენერირება, ინოვაციური პროექტებისა და საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენებით, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში".

ფონდი "აფხაზინტერკონტი" და ჰუმანიტარული ინიციატივების და განვითარების ცენტრი, საერთაშორისო ორგანიზაციის GIZ მიერ დაფინანსებული პროექტის - "სოფლად მაცხოვრებელი მოწყვლადი ჯგუფების შემოსავლების გენერირება, ინოვაციური პროექტებისა და საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენებით" ფარგლებში მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსს.

პროექტის მიზანი: ძნელად მისადგომ სამიზნე თემებში, ახალგაზრდების და სოფლად მცხოვრები ქალების შემოსავლების გენერირება, მათთვის გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა ეფექტური კომუნიკაციის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და დაფინანსების მოპოვების გზით.

ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის "EU4ITD - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი" (CESL) მიზანია საქართველოს ოთხ რეგიონში (გურია, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) მოსახლეობის შემოსავლების წყაროების გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ამ რეგიონებიდან ადამიანების თბილისში მიგრაციის შემცირებასა და თბილისიდან რეგიონებში დაბრუნების მოტივაციის გაზრდას.

აღნიშნულ პროექტს GIZ-ის მხარდაჭერით, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC); პროექტის პარტნიორები არიან: ჰუმანიტარული ინიციატივების და განვითარების ცენტრი (HIDC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი.

საგრანტო კონკურსის მიზანია: სამიზნე რეგიონების ძნელად მისადგომი თემების მოსახლეობის - ახალგაზრდებისა და სოფლად მცხოვრები ქალების შემოსავლების გენერირება, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობებით უზრუნველყოფა, მათი სტიმულირება, წამოიწყონ ახალი, ან გააძლიერონ უკვე არსებული ბიზნეს საქმიანობა, რაც ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.

პროექტის გეოგრაფიული არეალი:

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები), იმერეთი (ჭიათურის, ხარაგაულის, ტყიბულის, ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის და ხონის მუნიციპალიტეტები).

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება:

1. იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონების მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში, სოფლად მუდმივად მაცხოვრებელი ქალები და 18-29 წლის ასაკის ახალგაზრდები. (ახალგაზრდები შესაძლებელია ცხოვრობდნენ როგორც სოფლად, ასევე მუნიციპალურ ცენტრებში)
2. სამიზნე თემებში მცხოვრები ის პირები (სოფლად მუდმივად მაცხოვრებელი ქალები და 18-29 წლის ასაკის სოფლად და მუნიციპალურ ცენტრებში ახალგაზრდები), რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიკრო და მცირე ბიზნესის წამოწყებით, გაზრდით და გაფართოებით.

განმარტება:

1. "სოფლად მაცხოვრებელი ქალი":

შეიძლება ჩაითვალოს ის ქალი, რომელიც წელიწადის 12 თვიდან მინიმუმ 9 თვე ცხოვრობს სოფლად, იხდის გადასახადებს და ეწევა შიდა მეურნეობას. ხოლო თუ ქალი ცხოვრობს ისეთ მაღალმთიან სოფელში, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლაა, მაშინ აუცილებელი მოთხოვნაა ცხოვრობდეს წელიწადში მინიმუმ 6 თვე.

2. მათ შორის შესაძლებელია იყვნენ:

** ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში (სოფლად) მაცხოვრებელი შრომის უნარიანი 18- 65 წლამდე ასაკის ქალები;
** ეკონომიურად და სოციალურად მოწყვლადი ქალები;
** დევნილი ქალები;
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და შშმ შვილების მშობლები;
** მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები;
** ქალები, რომლებიც მართავენ ოჯახს/ ბიზნესს.
** ქალები, რომლებსაც აქვთ სურვილი აწარმოონ საკუთარი საქმე/პროდუქცია და რომლებმაც ვერ მოიპოვეს დაფინანსება სხვა დამფინანსებელი ინსტიტუციებიდან;

3. "ახალგაზრდები":

** შრომისუნარიანი ახალგაზრდები 18-29 წლის ასაკის, რომლებიც შეიძლება ცხოვრობდნენ სოფლად ან ურბანული ტიპის დასახლებაში, მუნიციპალურ ცენტრებში;
** გააჩნია ახალი, ან ინოვაციური ბიზნეს იდეა, უკვე მართავს ბიზნესს და სჭირდება გაძლიერება;
** ონლაინ სწავლების სტუდენტები. დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ან ახლად კურსდამთავრებული ახალგაზრდები სამიზნე თემებიდან;

ვის არ შეუძლია მიიღოს პროექტში მონაწილეობის მიღება:

** საჯარო სამსახურის თანამშრომლები;
** სკოლის პედაგოგები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები;
** მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვს ორი ან ორზე მეტი საგრანტო დაფინანსება.
ბიზნეს გრანტების გაცემის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
** საგრანტო კონკურსის გამოცხადება;
** შევსებული პირველადი განაცხადების მიღება პროექტში მონაწილეობის მსურველებისაგან;
** პოტენციური ბენეფიციარების შერჩევა:
** ორ დღიანი ტრენინგის ჩატარება განმცხადებლებისთვის ბიზნესის მართვის და ბიზნეს-განაცხადის მომზადების მეთოდოლოგიაში;
** აპლიკანტების მიერ სრული საგრანტო განაცხადის მომზადება და წარდგენა;
** საგრანტო კომისიის სხდომის ჩატარება და საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ აპლიკანტთა გამოვლენა;
** საველე ვიზიტი შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ აპლიკანტთან და ადგილზე შეფასება;
** შერჩეულ გრანტის მიმღებებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება;
მინიშნება: დაფინანსების შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს როგორც მეწარმე სუბიექტი.

დაფინანსების პირობები და ფარგლები:

თითოეული პროექტისთვის მოთხოვნილი მინიმალური თანხაა 2200, ხოლო მაქსიმალური 2400 ევროს ეკვივალენტი ლარში, იმ პერიოდისათვის არსებული კურსის მიხედვით. ბიზნეს განაცხადის დასაფინანსებელი თანხის ზუსტი რაოდენობა დამოკიდებული იქნება განმცხადებლის რეალურ საჭიროებებზე, რომელიც მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული ბიზნეს გეგმაში.

აპლიკანტების მიერ პირველადი განაცხადების წარმოდგენა:

საგრანტო კონკურსში მონაწილე აპლიკანტებს მოეთხოვებათ მარტივი ფორმის პირველადი განაცხადის შედგენა. (განაცხადის ფორმა #1 თან ერთვის).
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირველადი განაცხადი ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართებზე: aicinfo2022@gmail.com, ხოლო თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს "Business Grant 2024".

რაც შეეხება ბეჭდური ან ხელით შევსებულ განაცხადეს, მათი ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

1. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი: ქ. ამბროლაური: აღმაშენებლის #24, ფონდი "აფხაზინტერკონტის" ოფისი, 2-ე სართული.
2. იმერეთის რეგიონი: ქ. ქუთაისი, ნინოშვილის #27, ფონდი "აფხაზინტერკონტის" ოფისი.

პირველადი განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა:

2024 წლის 16 სექტემბერი, 18:00 საათი. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ განიხილება.

კონსულტაციები:

დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მისაღებად შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, ან ტელეფონზე:
I. იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში: aicinfo2022@gmail.com
II. ან მითითებულ ტელეფონის ნომრებზე:

ა) ქუთაისი: ზაზა ჩაჩავა, ტელ: 577 09 24 30
ბ) ამბროლაური: თეონა ცერცვაძე ტელ: 598 24 47 89.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე