კონკურსი ქალებისთვის - სოციალური დიზაინი/დაგეგმარება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი ქალებისთვის - სოციალური დიზაინი/დაგეგმარება
მომწოდებელი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
კონკურსი ქალებისთვის სოციალური დიზაინისა და დაგეგმარების სფეროში

2019 წელს სრულდება 100 წელი ბაუჰაუსის მოძრაობის დაფუძნებიდან.
ბაუჰაუსის სკოლამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის გამოყენებითი ხელოვნების და ქალაქგეგმარებით სტანდარტებზე და დღემდე შთაგონების წყაროა ხელოვნებისა და არქიტექტურის სფეროებში. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი" აცხადებს კონკურსს: "დაგვანახეთ თქვენი ხედვა!"

ჩვენ ვეძებთ საჯარო სივრცით სარგებლობისა და დიზაინის ახალ იდეებს, რომელთა განხორციელებაც საზოგადოებრივად მნიშვნელოვან თემებს უკავშირდება და უპასუხებს ისეთ თანამედროვე სოციალურ გამოწვევებს, როგორიცაა, მაგალითად:

** როგორ ვაქციოთ ქალაქები ჯანსაღ სივრცეებად?
** როგორ გავაუმჯობესოთ დაბალშემოსავლიანი ადამიანების საცხოვრისის ხარისხი?
** როგორ დავეხმაროთ ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს?
** როგორ გადავაქციოთ საჯარო სივრცე საზოგადოებრივ სიკეთედ?
** როგორ შევიმსუბუქოთ ყოველდღიურობა გონიერი ტექნოლოგიების საშუალებით?
** როგორ მოვიშოროთ და გადავამუშავოთ ნაგავი?
** როგორ გავახაროთ ბავშვები?
** როგორ შევუმსუბუქოთ ქალებს საშინაო შრომა?
** როგორ შევუწყოთ ხელი ხანდაზმულებს?
** როგორ შევქმნათ თანასწორი გარემო?

კონკურსის მიზანია, საშუალება მისცეს გამარჯვებულ კონკურსანტს, განახორციელოს საკუთარი იდეა, რომელიც უნდა ეხებოდეს საჯარო სივრცისა თუ მოქალაქეთა ჯგუფის ყოფის გაუმჯობესებას სახელოვნებო და შემოქმედებითი მიდგომების გზით.

7 სპეციალისტისგან შემდგარი ჟიური განიხილავს საკონკურსო პროექტებს და მიიღებს გადაწყვეტილებას კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, გრანტის სახით გასაცემი ერთი, ან ორი პრემიის შესახებ.

კონკურსის პირობები:

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

** ყველა ქალს სივრცული შემოქმედების, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ახალი ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროდან: მათ შორის, არქიტექტურა, მონუმენტური ფერწერა, სოციალურად ჩართული ხელოვნება, პროდუქტის დიზაინი, ქალაქგეგმარება, ფიტოდიზაინი, მომავლის ტექნოლოგიები და ა.შ.
** პროექტის შემოტანა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე საინიციატივო ჯგუფის, სტარტ-აპის, სოციალური საწარმოს, შპს-ს, საუნივერსიტეტო ჯგუფის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმით.

კონკურსის მოთხოვნები:

ყველა პროექტი უნდა იყოს ჩამოყალიბებული წერილობითი (იხ. განაცხადის ფორმა) და ვიზუალური სახით. ვიზუალური მასალა ამარტივებს პროექტის დეტალების აღქმას და უკეთ განმარტავს ჟიურისათვის პროექტის კონცეფციას.

ჟიური არ განიხილავს პროექტებს, რომლებიც მხოლოდ ერთ-ერთი ფორმით იქნება წარმოდგენილი.

თქვენი პროექტის განაცხადით, დეტალურად აღწერეთ თქვენი იდეა, ასევე აგვიხსენით, თუ რა ფაქტორები განსაზღვრავს თქვენი პროექტის განსაკუთრებულობას, კერძოდ, რომელ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ თემას ან საჯარო სიკეთეს უკავშირდება და რა საზოგადოებრივ სარგებელს ქმნის ის?

საკონკურსო პროექტის ფარგლებში გასაცემი საგრანტო ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 9.000 ლარს; აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი გამარჯვებული პროექტი; შესაძლებელია ასევე, ჟიურის გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა განაწილდეს ორი საუკეთესო იდეის ავტორს შორის, შესაბამისად გადაწყვეტილების მისაღებ კრიტერიუმებს შორის ყურადღება მიექცევა ბიუჯეტურად ეკონომიურ მიდგომას.

საკონკურსო პროექტები შეფასდება სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით:

ა) კონცეპტუალური ხედვა:

პროექტი უნდა შეიცავდეს იდეის აღწერასა და მისი განხორციელების ხედვას (დეტალურ გეგმას). განხორციელება გულისხმობს პროექტის რეალურად დანერგვის შესაძლებლობას და მისი განხორციელების ეტაპების დეტალურ აღწერას, ასევე პროექტის სარგებლიანობის დასაბუთებას, როგორც კონკრეტული ობიექტის, ასევე ურბანული და/ ან სოციალური პროცესებისთვის.

ბ) სამომავლო ხედვა:

პროექტი უნდა გვთავაზობდეს პასუხს თანამედროვეობის იმ გამოწვევებზე, რომლებიც განსაზღვრავს მომავალს კეთილდღეობის, მდგრადობის, რესურსების დამზოგავი გამოყენების, თანამონაწილეობის, ჯანმრთელობის და თანასწორობის თვალსაზრისით.

გ) სოციალური გავლენის პოტენციალი:

პროექტი გათვლილია კონკრეტულ სოციალურ ზეგავლენაზე, რაც გულისხმობს ცალკეულ ადამიანებზე ან/და გარემოზე დადებით გავლენას.

კონკურსის ვადები და ეტაპები:

პროექტის შემოტანის ბოლო ვადაა 24 აპრილი, 12:00 სთ.
მისამართი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი, ქ. თბილისი, ზოვრეთის ქ. 38. (ყოველ სამუშაო დღეს 10:00-18:00)
გამოფენის გახსნა: 3 მაისი, 17:00 სთ/ დახურვა: 5 ივნისი.
ჟიურის გადაწყვეტილება: 10 ივნისი

გამარჯვებული კონკურსანტისთვის პროექტის განსახორციელებლად საჭირო დამატებითი დოკუმენტაციის შემოტანის ვადა: 10 ივლისი
პროექტის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების ვადა: 10 აგვისტო
პროექტის განხორციელების ვადები: 10 აგვისტო - 10 ოქტომბერი
განხორციელებული პროექტის წარდგენა და ანგარიში: 30 ოქტომბერი.

გამოფენის სივრცე:

საკონკურსო განაცხადის საპასუხოდ შემოტანილი ყველა პროექტი გამოიფინება ჰაინრიჰ ბიოლის მიერ ორგანიზებული გამოფენის - "ბაუჰაუსის ქალები" - ფარგლებში.

კონკურსანტებს ასევე ექნებათ უპირატესი დასწრების შესაძლებლობა ულრიკე მიულერის (ვაიმარი/ გერმანია) ვორკშოპზე 4 მაისს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე