დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



როგორი არ უნდა იყოს რეზიუმე
10 ოქტ, 2009

თქვენ ალბათ არაერთხელ წაგიკითხავთ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული რეზიუმე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორი არ უნდა იყოს რეზიუმე. ჩვენ ვკითხეთ ათობით მსხვილი ორგანიზაციის ადამიანის რესურსების მენეჯერს, თუ კონკრეტულად რა არ მოსწონთ იმ რეზიუმეებში, რომლებსაც ისინი იღებენ, და შემდეგად მივიღეთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ჩამონათვალი:

  • შეუფერებელი ფოტოები, სადაც სამსახურის მაძიებლები სუფრასთან სხედან, დივანზე ისვენებენ, ცხენზე არიან ამხედრებული, მანქანასთან დგანან, და ა.შ.

    მე შუაში ვარ
  • ძველი, საბჭოთა სტილის ავტობიოგრაფია, რომელიც ასე იწყება: "მე, ეს და ეს, დავიბადე ამა და ამ წელს..." - ასე უკვე დიდი ხანია არ წერენ.
  • თქვენი ოჯახის წევრების და მათი საქმიანობების ჩამონათვალი - როგორც წესი, ეს ინფორმაცია სამთავრობო დაწესებულებებს აინტერესებთ, ოღონდ არ ვიცი რატომ.
  • საშუალო სკოლა/სკოლები, სადაც გისწავლიათ - დამქირავებლებს ეს ინფორმაცია არ სჭირდებათ (გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს სკოლა სპეციალიზებული იყო).
  • თანამდებობების ჩამონათვალი კონკრეტული მოვალეობების აღწერის გარეშე - დიახ, ამ ყველაფრის გახსენებას და ჩამოწერას ძალისხმევა სჭირდება. თუ ეს გეზარებათ, დამქირავებელსაც დაეზარება თქვენთან საქმის დაჭერა.
  • თარიღების და ციფრების გამოტოვება - ეს გვაფიქრებინებს, რომ რაღაცას მალავთ.
  • საკონტაქტო ინფორმაციის გამოტოვება - ალბათ მხოლოდ ძალიან გაჭირვებული დამქირავებელი ეცდება თქვენთან დაკავშირებას.
  • თქვენი გატაცებების ჩამონათვალი - დამქირავებლებს ეს ნაკლებად აინტერესებთ.
  • ტექსტი შერეული ქართულ-ინგლისური/ლათინურ-უნიკოდ შრიფტებით - გთხოვთ დაიცვათ ერთიანი სტილი.
  • ხელით ნაწერი ტექსტი - შესაძლოა თქვენ კომპიუტერი არ გაქვთ, მაგრამ არის ადგილები, სადაც მისი გამოყენება უფასოდ ან მცირე საფასურის სანაცვლოდ შეგიძლიათ.
  • რეზიუმეს ზედმეტად გართულებული დიზაინი და სტილი - ამ საქმეში სიმარტივით უფრო მოიგებთ. ვიზუალური მიმზიდველობა კარგია, მაგრამ გადამლაშება არ არის საჭირო. რეზიუმეში ყველაზე მნიშვნელოვანი მისი შინაარსია.
ბუნებრივია, ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, მაგრამ ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით იმის შესახებ, თუ რას უნდა აარიდოთ თავი რეზიუმეს შედგენისას. გადახედეთ თქვენს რეზიუმეს და საჭიროების შემთხვევაში, შეასწორეთ იგი. გახსოვდეთ: კონკურენცია დიდია, და კარგ სამსახურს მიიღებენ ისინი, ვინც სხვებზე უფრო ეცდებიან.

წარმატებას გისურვებთ!

« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე